მიხეილ სარჯველაძე - მშვიდობაა, რაც დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ვახერხებთ, ეს იყოს შენარჩუნებული
მიხეილ სარჯველაძე - მშვიდობაა, რაც დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ვახერხებთ, ეს იყოს შენარჩუნებული

მშვიდობა არის, რაც დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სარჯველაძე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ადამიანური ტრაგედიების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„არაერთი უპასუხისმგებლო, ყალბი პათეტიკით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ცდილობენ, გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს, ამბობენ, რომ ეს არის ცარიელი მშვიდობა. ცარიელია თუ სავსეა, ეს არის მშვიდობა, და მშვიდობა არის ის, რაც დღეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება და ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული. ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის. უტიფრობაა, როდესაც ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოსდა ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას, კაცისგან, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. მართლაც ოკუპაციის დაკანონებისკენ მცდელობა შეიძლება დაერქვას ამას, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციის ხელმოწერით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.