მიხეილ სარჯველაძე - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის, პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა
მიხეილ სარჯველაძე - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის, პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულა.

მისივე თქმით, კანონზე არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად თავსებადია.

„რაც შეეხება საკითხების ნაჩქარევად განხილვას, შეგახსენებთ, რომ განხილვის პროცედურა ორი კვირით გადაიდო, რათა არგუმენტაცია წარმოედგინათ, თუმცა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენის და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

რაც შეეხება კანონის შინაარსობრივ მხარეს, რაიმე რეალური, საგნობრივი არგუმენტი, რომლის გამოც შეგვეძლო, გვეთქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის. ყველა სტანდარტია, რასაც შეიძლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენდეს, კოლიზია, წინააღმდეგობა არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ საკანონმდენლო ინიციატივა რომელიმე კარგ თანამედროვე სტანდარტს არღვევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან. კანონზე არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის – პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტებით.

ვერ ვიტყოდი, რომ მიღებული კანონპროექტი ერთი მხრივ, ადამიანის უფლებრივი კუთხით და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დაუბალანსებელია. კანონპროექტს ამ თვალსაზრისით ნაკლოვანება არ გააჩნია. საკითხების ასეთივე გადაწყვეტის მოდელი აქვს ევროპის არაერთ ცივილიზებულ ქვეყანას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად თავსებადია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„კანონპროექტის საწინააღმდეგოდ როცა რაიმე საგნობრივი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება – არ არსებობს საგნობრივი არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ კანონპროექტს წუნი აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს.