მიხეილ სარჯველაძე - მოქმედ პროკურორებზე არჩევანი სხვადასხვა მოსაზრების, მათ შორის პროკურატურის პერსპექტივის ინტერესების გამო არ შეჩერდა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა – ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.
მთავარი პროკურორობის კანდიდატობის მსურველთა წარდგენის ვადა იუსტიციის მინისტრისთვის 4 ივლისს ამოიწურა. შედეგად გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი იქნა სამი კანდიდატი.
როგორც გოჩა სარჯველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ პროკურორთა კორპუსიდან სამი მოქმედი პროკურორი იქნა წარდგენილი – თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე. მისი თქმით, სხვადასხვა მოსაზრებიდან, მათ შორის პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შეჩერდა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭოსთვის წარსადგენი კანდიდატები კანონის მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა. კანონის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. წარდგენილი სიის ერთი მესამედი, ასევე კანონის მოთხოვნის თანახმად, ქალია.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები (განაცხადების მიღების პერიოდი, როცა ორგანიზაციებს და კერძო პირებს მინისტრისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა აქვთ) 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. ყველა კანდიდატის წარდგინება და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge, სადაც მონაცემების ატვირთვა შესვლისთანავე ხდებოდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ, საპროკურორო საბჭომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 18-კანდიდატიანი სია გადაუგზავნა, საიდანაც მიხელ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი წარუდგინა.