მიხეილ სარჯველაძე - ჯანეზაშვილის განცხადება არის ერთგვარი უპატივცემულობა დეპუტატების, იმავდროულად, სხვა კანდიდატების და საზოგადოების შეურაცხყოფაც
მიხეილ სარჯველაძე - ჯანეზაშვილის განცხადება არის ერთგვარი უპატივცემულობა დეპუტატების, იმავდროულად, სხვა კანდიდატების და საზოგადოების შეურაცხყოფაც

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება არის ერთგვარი უპატივცემულობა დეპუტატებისა და საზოგადოების მიმართ, – ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის გადაწყვეტილება, რომ შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

„ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა განცხადება, ოღონდ განცხადება ოდნავ ორიგინალური იყო. საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის აპირებს, არა კანდიდატურა მოხსნას, არამედ გასაუბრებაზე არგამოცხადდეს. მან თქვა, რომ ასეთი პროცედურა გათვალისწინებული არ არის რეგლამენტით. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება. მიაქციეთ ამას ყურადღება. გასუაბრების დანიშნულება არის არა მხოლოდ დეპუტატთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. მან ეს განცხადება რომ გააკეთა, ალბათ სჯობდა, ამ პუნქტის თაობაზეც ეხსენებინა.

მეორე, კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი უპატივცემულობა აი, აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ. არ აძლევს შესაძლებლობას დეპუტატს, რომ კუთვნილი უფლებით ისარგებლოს და კითხვა დაუსვას. არ ვგულისხმობ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არამედ იგულისხმება ყველა. ჩემი აზრით, ეს იმავდროულად არის სხვა კანდიდატების შეურაცხყოფაც, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში.

მესამე, ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოების უპატივცემულობაც. საზოგადოებას აქვს უფლება, სახალხო დამცველის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილ ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანაბრად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაის განცხადებით, ჯანეზაშვილმა პროტესტი გამოუცხადა არა პროცედურას და მონაწილეობას, არამედ ერთ-ერთ ეტაპს, საჯარო გასაუბრებას.

„ქალბატონმა ნაზიმ გადასარევად იცის, რომ ხელისუფლებაში არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა არ არსებობს. კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს, რომ მოწადინებული ვართ, რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, მათ შორის კრიტიკული კითხვების წყალობით. მე ვშიშობ, რომ გასაუბრებაზე უარი შეიძლება, ნაკარნახევი იყოს ერთი კონკრეტული მიზეზით – ვერაფრით ვეღარ აიხსნას ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, თითქოს გასაუბრება ფარსის სახეს ატარებს.  ვერაფრით ვერ დასაბუთდება, რომ რაიმე უპირატესობა აქვს მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილს ან ნებისმიერ სხვას. ეს შეიძლება, გარკვეულ პრობლემას ბადებდეს, მათ შორის მანამდე გაკეთებულ ათიანებით შეფასებასთან დაკავშირებით. იყო მცდელობები, რომ ისე შეფასებულიყო, თითქოს იაგო ხვიჩიას არ ეკუთვნოდა მაღალი შეფასება და მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნოდა ათი ქულა, ან ვინმეს სხვას. ასეთი დამოკიდებულებები სწორი არ არის. პროცედურას პატივი უნდა ვცეთ. პროცედურის წყალობით უნდა იყოს შესაძლებელი საზოგადოების თითოეული წევრისთვის დასკვნების გამოტანა, ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ამის მიხედვით პოლიტიკოსები უკვე იღებენ გადაწყვეტილებას, ვის დაუჭირონ მხარი და ვის არა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.