მიხეილ სარჯველაძე - ამბობენ, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა და საკანთან შეუგუებლობა აქვს, არ შეიძლება, ადამიანები ამის გამო პატიმრობიდან თავისუფლდებოდნენ
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია კი იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული ან მძიმეა მდგომარეობა? ამისთვის ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ყველასთვის გასაგები გახდა, რომ აუცილებელია დიაგნოზი და ამ დიაგნოზიდან გამომდინარე უნდა დასაბუთდეს, რომ მკურნალობა საქართველოში არ ხდება.
„არავინ ამბობს, რომ არის დიაგნოზი, რომლის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში. ამაზე არ არის საუბარი, რადგან ეს ასე არ არის. იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა? ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა შესაძლებელიაა. რატომ არის ცუდად, ეს ახსნილია მისივე ექსპერტების მიერ, ვინც ამ კაცის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არც ერთ ცივილიზაციაში არ თავისუფლდებიან. თქვენ თუ გინდათ, ამიხსნათ, რადგან პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური მოღვაწე, აქედან გამომდინარე პრივილეგია უნდა ერგოს და დანაშაულზე სასჯელი აიცდინოს, ეს სხვა ამბავია. არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცენტრი „ემპათია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.