მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მხედველობაში უნდა იღებდნენ პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც თქვა, არა და არასოდეს, პრეზიდენტს ამ ნათქვამის შეცვლის მიზეზი არ აქვს
მხედველობაში არ იღებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზეა საუბარი და ასეთი ინიციატივები დიპლომატიურ ხერხებს და დასაშვებ ფარგლებს ცოტა სცდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
სარჯველაძის თქმით, „ამაში ახალი ან უცნაური არაფერია, რადგან ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა მათი პრეფერენცირებული ჯგუფი საქართველოში იყოს მხარდამჭერი“.
„ამ შემთხვევაში საუბარია სააკაშვილზე, თუმცა ეს ყველაფერი კორექტული არ მგონია. რატომ? ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მხედველობაში არ იღებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზეა საუბარი და ასეთი ინიციატივები დიპლომატიურ ხერხებს და დასაშვებ ფარგლებს ცოტა სცდება. ამ საკითხებზე მხედველობაში უნდა იღებდნენ პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც თქვა – არა და არასოდეს. პრეზიდენტს ამ ნათქვამის შეცვლის არანაირი მიზეზი არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.