მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის
მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ რაიმე სპეკულაციის გზით ჩირქი მოსცხოს თუნდაც პენიტენციურ სისტემას.
„სპეკულაცია იყო, როდესაც ბატონი სააკაშვილის მომხრეებისგან შეშფოთებული სახეებით დღენიადაგ ვისმენდით აშკარა მცდელობას, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი, სხვა მიზნისთვის. მათი საზრუნავი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება. პოლიტიკური და არა ჰუმანიტარული მიზნები აქვთ. ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ რეალურად პოლიტიკური მიზნებისთვის.
სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე სპეკულაციის გზით ჩირქი მოსცხოს თუნდაც პენიტენციურ სისტემას ან, ზოგადად, იმ სისტემას, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობენ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში.
„ზუსტად ამ მიზნით აბსოლუტურად გამართლებულია იუსტიციის მინისტრის შეთავაზება, რომელმაც, პრაქტიკულად, ბოლო მოუღო ყველა შესაძლებლობას ინსინუაციისთვის მიზეზზე, რომ ვინმემ ისაუბროს საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე. ამ ხნის განმავლობაში არავის შეუწუხებია თავი, ეთქვა, რა კონკრეტული მკურნალობის მიზნით შეიძლება, იყოს აუცილებელი ბატონი სააკაშვილის სადმე გადაყვანა და ვისთან მკურნალობა შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც საქართველოში შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ იყოს. ამ ფონზე, ყველანაირი მიზეზი ესპობა ყველას უკლებლივ, ვისაც ჰქონდა სურვილი, ჰუმანიტარული საკითხი რაღაცნაირად გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ რაიმე ლოგიკა და ახსნა შესთავაზონ საზოგადოებას, თუ რატომ აქვთ მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სამკურნალო პრობლემა კი არ არის, ამ შეთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს უნდათ, სააკაშვილი სასჯელს არ იხდიდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება, გამოიყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას.
„ძნელი სათქმელია, პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. როგორიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ არცერთ შემთხვევაში არ იარსებებს მიზეზი შემდგომი ინსინუაციებისთვის და საფრთხე არ ემუქრება სასჯელის აღსრულებას. თუ ჩამოიყვანს, ის ექიმი, ბუნებრივია, იქნება ჩართული ან არ იქნება, მათი გადასაწყვეტია. თუ არ ჩამოიყვანს, ამ შემთხვევაში მიზეზი არავის ექნება სათქმელად, რომ რომელიმე კონკრეტული სასურველი სამედიცინო პროცედურა არის რეკომენდებული პაციენტისთვის და ვერ გაეწევა მომსახურება, მაგალითად, იმის გამო, რომ უცხოეთში ვერ მიემგზავრება და ა.შ.“, – განაცხადა სარჯველაძემ.