მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი არ არის ისეთი, რომლის ყოფნა-არყოფნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკაში
მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი არ არის ისეთი, რომლის ყოფნა-არყოფნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„არ მგონია, რომ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი რამენაირ გავლენას ახდენდეს სააკაშვილის სამკურნალოდ წასვლის გადაწყვეტილებაზე. ეს საკითხი იმისგან დამოუკიდებლად წყდება, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება პოლიტიკაში ყოფნაზე. იმას ვგულისხმობ, რომ სასჯელი აღსრულდება იმის მხედველობაში მიუღებლად, თუ როგორია მისი დამოკიდებულება პოლიტიკურ პროცესებზე. ყველას ერთნაირი სამართლებრივი უფლებები აქვთ, რომელიც არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ როგორია მისი მონაწილეობა და როლი პოლიტიკაში. არ შეიძლება, სასჯელის აღსრულების სამართლებრივი გზები ვარირებდეს იმის მიხედვით, როგორია პირის დამოკიდებულება პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ვალერიანი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.