მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ლომჯარიას განცხადება მაშველი რგოლია ოპოზიციისთვის, რადგან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ლომჯარიას განცხადება მაშველი რგოლია ოპოზიციისთვის, რადგან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, არჩევნების გადადების საკითხზე დისკუსიის დაწყებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის გუშინდელი განცხადება ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია.

„ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა, რომ ეს განცხადება, ამ კამპანიის წამოწყება ერთგვარად მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ოპოზიციისთვის, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ამას თავად კარგად აცნობიერებენ. ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში ასეთი კამპანიის დაწყებას არგუმენტაცია ნამდვილად აკლია. ვფიქრობ, მათი მხრიდან მეტი დასაბუთებაა საჭირო, თუ რეალურად ფიქრობენ, რომ ეს აუცილებლობაა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.