მიხეილ სარჯველაძე - მელიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პატიმრობის ილუზიის შექმნის მცდელობაა, რისთვისაც ოპოზიცია დიდ ძალისხმევას ხარჯავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პატიმრობის ილუზიის შექმნას ცდილობენ, რისთვისაც დიდ ძალისხმევას ხარჯავენ.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის საპატიმროში ყოფნა არავის თვითმიზანს არ წარმოადგენს.
„ეს არ არის შემთხვევა, რომ შესაძლოა, რამენაირად სარგებლობდეს „ქართული ოცნება“ ან რაღაც კომფორტულ გარემოში იმყოფებოდეს. რაც შეეხება კონკრეტული საქმის განხილვას, როგორ წარიმართება და როგორ მიმდინარეობს, ამას ყველა ვადევნებდით თვალს. ადგილი აქვს მცდელობას, რომ პოლიტიკური პატიმრობის ილუზია შეიქმნას და ამისთვის თავად ოპოზიცია ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს. სინამდვილეში, თავად ნიკა მელიას და ოპოზიციას ხელთ უპყრია უმარტივესი შესაძლებლობა, რომ ნიკა მელია არ იმყოფებოდეს საპატიმროში, მაგრამ ამას შეგნებულად არ ახორციელებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, დეპუტატი გამოეხმაურა სანქციების შესაძლო დაკისრების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებსაც.
„რაც შეეხება სანქციებს, ამბობდნენ, არჩევნები გაყალბდა და ამის გამო სანქციები იქნებაო, აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბდა და საფრთხე არ არსებობს. შემდეგ თქვეს, პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მელია ციხეშია, პოლიტიკური მოტივი არისო. ვსვამ კითხვას – როცა გირაო შესთავაზეს და არ გადაიხადეს, სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მართლა მიაჩნიათ, რომ მელია არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მოტივითაა საპატიმროში? ამას გამოვრიცხავ, რადგან ეს იმდენად თვალსაჩინოა, არ მგონია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი. ვინაიდან, ოპოზიციის მხრიდან ეს ფაქტი გამოიყენება პოლარიზაციისა და ესკალაციის მიზეზად, გასაგებია სურვილი, რომ ნიკა მელია საპატიმროში არ იყოს, რასაც ევროპელი პარტნიორები აცხადებენ“, – დასძინა სარჯველაძემ.