მიხეილ სარჯველაძე - მეგის ქარდავა კონკრეტულ დანაშაულებშია მხილებული და სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, გაუგებარია ბრალდება არჩევნებთან ამის დაკავშირებაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეგის ქარდავა კონკრეტულ დანაშაულებში მხილებული ადამიანია და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
„ეს რატომ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან ან არჩევნებთან, ოპოზიციის მხრიდან ასეთი სახის ბრალდება ჩემთვის გაუგებარია. საქართველოში არჩევნები ხშირად იმართება და არჩევნებზე სხვა საკითხის მიბმა ოპოზიციის მხრიდან მეტ დასაბუთებას მოითხოვს. კონკრეტული დამნაშავის ექსტრადირება რითი შეიძლება იყოს სასარგებლო ან საზიანო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, არ ვიცი. თუ მეგის ქარდავას მითებზე საუბრობს ის ხალხი ოპოზიციიდან, ვისაც მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არ სჯერა, ეს პრობლემა მგონია, რადგან პოლიტიკოსები ასე არ უნდა ფიქრობდნენ. რა ამბებიც მომისმენია და რაც ბრალდების შედეგად დადასტურდა, ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ალბათ, ფანტაზიის რაიმე ნაყოფი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ საქართველოს პირველ არხს გუშინ განუცხადა, რომ „მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის“. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება.