მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტების ფასის მაქსიმალური ზღვარის დადგენის შემდეგ წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა მოქალაქეებისთვის, დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით გასულ წელს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით, დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები.
როგორც სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე. მინისტრის განმარტებით, წამლის ფასის ზედა ზღვარი 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს.
„სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს. შესაბამისად, წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს, მაგალითად, პენსიონრებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
„ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა. აქვე, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ცალკეული მედიკამენტების დეფიციტი, რომლებიც იქმნება ბაზარზე და კორელაციაშია კონკურენციის ავკარგიანობასა და ხარისხთან საქართველოში. ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.