მიხეილ სარჯველაძე - მანდატებზე უარის თქმა და მსგავსი გადაწყვეტილებები ვნებს იმ პერსპექტივებს, რომლებიც მოლაპარაკებების დროს უნდა გვქონდეს
ოპოზიციის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა ბევრ შემთხვევაში ხელი შეუშალა მოლაპარაკების პროცესს და მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზების ძიება, რათა რამენაირად მოლაპარაკებები შედეგით არ დასრულდეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფორმატებზე წინასწარ საუბარი არ არის სწორი.
„ყოველთვის ვცდილობ, რაუნდის დარქმევისგან თავი შევიკავო, ან რაღაც ფორმატებზე არ ვისაუბრო წინასწარ, ვინაიდან მოლაპარაკებების წარმატება ხშირ შემთხვევაში სწორად ფორმის შერჩევაზეც არის დამოკიდებული. ამდენად, წინასწარ რაღაც შევზღუდოთ, გინდა თუ არა რაღაც მოლოდინი უნდა გაჩნდეს, რომ კონკრეტული ფორმით და შინაარსით რაუნდი შედგება მოლაპარაკებისა, ვფიქრობ, ამაზე საუბარი არ ღირს“, – განაცხად მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესი ზოგადად გაგრძელდეს, რადგან მოლაპარაკებების მაგიდაზე წყდება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.
„თუმცა, ოპოზიციის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა, ჩემი აზრით, ბევრ შემთხვევაში ხელი შეუშალა მოლაპარაკების პროცესს და მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზების ძიება, რათა რამენაირად მოლაპარაკებები შედეგით არ დასრულდეს. რა თქმა უნდა, მგონია, რომ ამას ვერ დავწამებთ მთლიანად ოპოზიციას და მთელ სპექტრს, თუმცა ოპოზიციის ალბათ დიდი ნაწილი სწორედ ამ განწყობით არის, მას შემდეგ, რაც წითელი ხაზი გაევლო იმგვარად, რომ ხელახალი არჩევნების განხილვაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ამის მიღმაც არსებობდა ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეგვიძლია მოლაპარაკება. მათ შორის ალბათ უნდა დავასახელოთ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაც, რომელიც გაკეთდა იგივე არჩევნების სისწორისა და შედეგების სისწორის შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა მაგალითად იგივე მანდატებზე უარის თქმა და ასეთი გადაწყვეტილებები, ვფიქრობ, ვნებს იმ პერსპექტივებს, რომლებიც მოლაპარაკებების დროს უნდა გვქონდეს. ასევე, ხშირად ვისმენთ აქეთ დადანაშაულებას, მაგალითად, ხისტ ტონთან დაკავშირებით გვაქვს შეხსენება ან მაგალითად, იგივე იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს იმ შემთხვევების რეგულირებას, თუ მოლაპარაკებები არ შედგა და თუ კვლავ ძალაში დარჩა ბოიკოტის თუ საბოტაჟის ის ფორმა, რომელსაც გვთავაზობს ოპოზიცია, სახელდება როგორც ხელშემშლელი ფაქტორი, თუმცა მე შორს ვარ აზრისგან, რომ მაგალითად, ეს კანონპროექტი რამენაირად ხელს უშლიდეს მოლაპარაკებებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების არ შედგომის შემთხვევაში შეიძლება, არეგულირებდეს ცალკეულ საკითხებს, მაგრამ არანაირად არ უშლის ხელს მოლაპარაკებების პროცესს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.