მიხეილ სარჯველაძე - გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი სააკაშვილის საქმესა და „მაგნიტსკის სიას“ შორის
მიხეილ სარჯველაძე - გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი სააკაშვილის საქმესა და „მაგნიტსკის სიას“ შორის

არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარული სვლა.

„რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარული სვლა. სიაზე საუბრის წამოწყებით და მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“. „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის ადვოკატი შალვა შალვა ხაჭაპურიძე აცხადებენ, რომ „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა უკვე დაიწყო.