მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა
მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. მე გიორგი მაზნიაშვილის გადავუხდი მადლობას და არა – ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც ვადევნებთ თვალს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრობლემაა, როდესაც ოპოზიცია გამოდის და ცდილობს, გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი.
„ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, ვინ არის ნამდვილი გმირი და აქ მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. აი, ამ პროცესს უნდა გაემიჯნოს ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ, მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, იმ კაცს გადავუხდი მადლობას და არა – ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც ვადევნებთ თვალს და ამით დამთავრდეს, აღარ არის ამის გამეორება საჭირო. აქ ითქვა, პაატა მანჯგალაძე იყო თუ არ ვცდები, რომელიც საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად რა ხდებაო, აი, ესეც იმავე ბუტაფორიული პიარის ნაწილი, როგორ რა ხდება, ამდენი დრო არ გექნებათ ახლა აქ, რომ ამ სამ წუთში და თუნდაც ნახევარ საათში ან ერთ საათში მოგიყვეთ, რაც მოხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ, აბა, ეს ვის აღელვებს ოპოზიციიდან, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. ამაშია პრობლემა, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, რაც გაცხელებადი თემა შეიძლება იყოს, ამის ინტერესს ავლენენ ადამიანები და ამაში არის ოპოზიციის პრობლემა. ვინმეს თუ აქვს ინტერესი, შეუძლია დაინტერესდეს, მათ შორის იმით, რა გაკეთდა ანტიკორუფციული მიმართულებით და წინა კვირაში იყო ძალიან კარგი პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. მთელი ხელისუფლება დიდ მხარდაჭერას უცხადებს ახლად შექმნილ ანტიკორუფციულ სააგენტოს ქვეყანაში, რომელიც ისედაც დაწინაურებულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სათქმელი და საამაყო ანტიკორუფციული მიმართულებით, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.