მიხეილ სარჯველაძე - ლევან ხაბეიშვილი პარტიას მეტ დესტრუქციას მოუტანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა
მიხეილ სარჯველაძე - ლევან ხაბეიშვილი პარტიას მეტ დესტრუქციას მოუტანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა

ლევან ხაბეიშვილი პარტიისთვის რას შეცვლის და რა სიახლეებს მოუტანს, ალბათ იმას, რითიც წარმოდგენილი იყო წინასაარჩევნოდ – მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ფაქტია, რომ მიმართულება, რომელიც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ – საზოგადოებისთვის მეტი დესტრუქცია გაეჩინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა და არ მგონია, რომ ამ პარტიას ამ მიმართულებით განვითარება მაინც და მაინც წარმატებას უქადის. არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს. ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა.

რეალურად, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ესკალაცია ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ვერ შეძლებენ თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში დარჩებიან ცალკეული პირები. ადამიანები, რომლებიც დაუფარავად მხარს უჭერდნენ ხაბეიშვილს, ისინი არიან ყველაზე უფრო დესტრუქციული და ფსკერზე მყოფი პოლიტიკოსები, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა და რომელიც ყველაზე მეტად ტოქსიკური იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.