მიხეილ სარჯველაძე - „ლელომ“ პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედა, მათ დესტრუქციული გზა არჩიეს
„ლელომ“ პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედა, დესტრუქციული გზა აირჩიეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სარჯველაძის თქმით, მათთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიულ და არა – სახელმწიფო ინტერესებს.
„მათი მხრიდან როგორიც არ უნდა იყოს განცხადებები, მთავარია შინაარსი. გუშინ იყო შეხვედრა, სადაც უნდა მობრძანებულიყვნენ და საკუთარი მოსაზრება ეთქვათ, როგორ ხედავენ და რაში ხედავენ რეფორმების განხორციელებას. როგორ შეიძლება, წინასწარ თქვა, რაღაც იმიტირებულია და რაღაც – არა? ეს არის ნამდვილი პროცესი და შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედეს. მათ დესტრუქციული გზა არჩიეს. ცდილობენ, საკუთარი დესტრუქციულობა უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანონ. საკუთარი თავის კონსტრუქციულად წარმოჩენას ცდილობდნენ, თუმცა ეს გაიშიფრა. ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფო ინტერესები. მათთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიულ ინტერესებს. მათ თვალსაჩინო გახადეს რადიკალური და დესტრუქციული დამოკიდებულება. პოლიტიკურ პროცესში როცა არ მონაწილეობ, ეს ნიშნავს, რომ შენი მცდელობაა რადიკალიზმი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.