მიხეილ სარჯველაძე - კონკრეტულ პირს თუ აღმოაჩნდება სურვილი, უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს
კითხვები იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის რომელიმე დებულება გამიზნულია ვინმეს პატიმრობაში დასატოვებლად, სინამდვილეს არ შეეფერება. ეს მინდა, რომ გავაქარწყლო. ჩვენს პროექტში რა დებულებაც არის ჩადებული, გულისხმობს იმას, რომ პირს ისეც და ასეც, კანონის ფორმულირება როგორიც არ უნდა იყოს, აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს.
„წინა ამნისტიებში ეწერა ამის შესახებ თუ არ ეწერა, ეს იგულისხმებოდა, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი კონვენციური მოვალეობა საქართველოსი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირი უფლებით, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს განსჯაზე. იმ შემთხვევაში თუკი პირი უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, იქვე არის კანონპროექტში მითითებული, რომ ეს უარი არ იქნება შეუქცევადი და პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოს მხრიდან გამტყუნებული იქნება, შესაძლებლობა ექნება შეცვალოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს უკან თავისი უარი და შესაბამისად, მიიღოს ამნისტია. უპირატესობა მიენიჭება პირის ნებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გახლავთ კონვენციური ვალდებულება. პირი თუ აქტიურად არ იტყვის უარს ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია გავრცელდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ამნისტიაზე უარის თქმის უფლება ნებისმიერ პირს გააჩნია.
„რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი გაუგებარია. საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძოებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება. მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და უარის მიუხედავად ამნისტია გავრცელებულიყო, მაშინ ნამდვილად იქნებოდა საპრეტენზიო. ამ შემთხვევაში მელიას ნებაა აქ გადამწყვეტი. ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება მან ისარგებლოს ამნისტიით, ეს სასურველია ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელი შეთანხმების აღსასრულებლადაც ვიღებთ ამ ამნისტიას“, – განაცხადა სარჯველაძემ.