მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მოტივირებულია, მაქსიმალურად აისახოს მისი რეკომენდაციები პარლამენტის დადგენილების პროექტში
სახალხო დამცველის ანგარიშში რეკომენდაციები წარმოდგენილია 370 ადრესატი უწყებისთვის, რომელთაგან 339 – ასახულია პარლამენტის დადგენილების პროექტში და მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, იქცევა სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტად კონკრეტული უწყებებისთვის, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მსჯელობენ.
სახალხო დამცველის ანგარიშში რეკომენდაციები ეძლევა საქართველოს პარლამენტსაც, რაც მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად ანგარიშში იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
„2018 წელს ჩვენს კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო პარლამენტის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადებების გაზიარების მიზანშეწონილობის შესწავლა. ეს ტრადიცია გაგრძელდება. მომავალში კომიტეტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობას გეგმავს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი განცხადებით, შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კვარტალურად დაიგეგმოს შესაბამისი უწყებების მოსმენა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
„კომიტეტი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და სწორედ ამიტომ მოტივირებულები ვართ, მაქსიმალური ასახვა ჰპოვოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებმა პარლამენტის დადგენილების პროექტში, თუმცა სახალხო დამცველის არგუმენტაცია რიგ შემთხვევაში, სასურველია, რომ იყოს უფრო დამაჯერებელი“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.