მიხეილ სარჯველაძე - კატეგორიულად ვემიჯნებით გარკვეული პირების მოსაზრებას, თითქოს საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია
ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ საქართველო მყარად და ურყევად ადგას იმ გზას, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამორიცხულია, ვინმემ ამ გზას გადაუხვიოს. ამასთან, როგორც სარჯველაძემ განაცხადა, კატეგორიულად ემიჯნებიან გარკვეული პირების მოსაზრებას, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.
„ეს არის კონსტანტა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს. გამორიცხულია, ვინმემ ამ გზას გადაუხვიოს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ფორმატებში გარკვეული პირების მხრიდან ვისმენთ მოსაზრებებს, თითქოს საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვემიჯნებით და გვაქვს კონკრეტული არგუმენტები ამის საპასუხოდ.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ კრიზისული მდგომარეობის დასახვას და ხელოვნურად შექმნას ოპოზიცია თავისი ნაბიჯებით ხელს უწყობს, ასევე პოლარიზაციას და ურთიერთობების ესკალაციას, ეს ასეა და სამწუხარო რეალობაა. ამ თვალსაზრისით დემოკრატიის მიმართულებით, თუნდაც ის, რომ პარლამენტში არ შემოდის ოპოზიციის დიდი ნაწილი, მართლაც პრობლემებს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სრულფასოვნად წარმართვას. ვინაიდან დემოკრატია ამას მოითხოვს და დემოკრატია ასე მუშაობს, რომ პარლამენტში სრულად იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის ის განწყობები, რომელიც არჩევნების შედეგად კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.