მიხეილ სარჯველაძე - კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.
საუბარია განცხადებაზე, სადაც მედვედევმა აღნიშნა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას და მშვიდობიანი გზით შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას.
„ეს განცხადება მოვისმინეთ. საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, კონტექსტი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, ვერცერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მიმართულებით ურყევი ნება იქნება ის ფაქტორი, რომელიც ადრე თუ გვიან შეგვაძლებინებს, რომ გავამთლიანოთ საქართველო. პირადად ჩემთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას, რაც არ უნდა შეფასება მიეცეს – იქნება ეს გაფრთხილება, მუქარა თუ ნებისმიერი სხვა რამ. რასაკვირველია, ეს თანაბრად მიუღებელია საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, არ არსებობს ფორმა, რომელიც შეიძლება, ამ უზენაესი ღირებულების რაიმე ფორმით ხელყოფის შესაძლებლობას ქმნიდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძეს კითხვით მიმართეს, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშირებით რეაგირება გახლავთ მეტი ერთგულება გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას გულისხმობს. ადრე თუ გვიან ეს იდეა განხორციელებადია, რადგან ასეთია ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, სპეკულაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლება დუმს.
„წმინდა წყლის სპეკულაციაა, როდესაც ამბობთ, რომ დუმილია ჩვენი მხრიდან. ამ წუთას ვაკეთებ განცხადებას და ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელი რამ არის. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, ახლა უერთგულოთ არა ქვეყანას, არამედ – პარტიას და დაარქვათ დუმილი, საქართველოს მხრიდან შემრიგებლური დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს ინტერესით ვინც მოქმედებს, ეს განცხადება ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს აქვს მტკიცე, ურყევი პოზიცია, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ვერასდროს შეურიგდება. კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შეუთავსებელია, დამთავრდა. მგონი, ამასთან დაკავშირებით ვისაც კითხვას დაუსვამთ, ყველასგან იდენტურ პასუხს მიიღებთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.