მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის სამინისტროსთან ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია, ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო
იუსტიციის სამინისტრო არის რეფორმების მთავარი სამჭედლო, მას აქვს მისია, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
„ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. უპირველესად მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრის და ყველა მათგანის მიმართ ვინც აქ ბრძანდებით. განსაკუთრებული მადლიერება, მინდა, გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც წარმატებით უძღვება დღეს. წარმატებულად ოპერირებს ეს სამინისტრო და ვუსურვებ ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამჟამად პენიტენციურ სისტემაში არავინ თვლის საჭიროდ, მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წამების ან არაადამიანური მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებაა.
მისივე შეფასებით, გაწეული რეფორმების მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა კვლავაც გრძელდება.
„რიგი საკითხებია, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. იქნება ეს საკუთრების უფლება, აღსრულების კოდექსი, პენიტენციური კოდექსი და მისი იმპლემენტაცია თუ დამისამართების და სისტემური რეგისტრაციის საკითხები. უკლებლივ ყველა საკითხზე არსებობს თანამშრომლობის ფორმატი. ოპოზიციას თუ სურვილი ექნება ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, სწორედ ამ ფორმატებში ჩაერთვება და მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს ამ ყველაფერში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.