მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის ნამდვილად არ არის ისეთი შენიშვნა, რომელიც კომპანია „ენკასა“ და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების დადებაზე ეჭვს ბადებს
მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის ნამდვილად არ არის ისეთი შენიშვნა, რომელიც კომპანია „ენკასა“ და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების დადებაზე ეჭვს ბადებს

იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების რაღაც ნაწილი რასაკვირველია, გაზიარებული იყო და არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ იქნა გაზიარებული, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა გათვალისწინებული კომპანია „ენკასა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე გასცა, როცა ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზას ახორციელებს, ბუნებრივია, მოლაპარაკების პროცესისთვის რეკომენდაციები გაიცემა, რა არის სახელმწიფოსთვის სასურველი და მიზანშეწონილი, თუმცა, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას, მოლაპარაკების პროცესში ხელშემკვრელ მხარესთან ყველა ასეთი შენიშვნისა და რეკომენდაციის გაზიარება-შეთანხმება ყოველთვის მოხერხებადი არ არის.

„დაახლოებით, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამით სპეკულაცია, რომ იქ შენიშვნები იყო და აქედან გამომდინარე „ნამახვანჰესი“ არ უნდა აშენდეს, არ არის სწორი მსჯელობა. იმ შენიშვნებს შორის ნამდვილად არ არის ისეთი შენიშვნა, რომელიც საერთოდ ამ ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს. როდესაც მსგავსი რეკომენდაციის გაცემა ხდება, ყველა ხელშეკრულებაში ამის თანაბრად ასახვა სამწუხაროდ, ვერ ხორციელდება. ამ შენიშვნების რაღაც ნაწილი რასაკვირველია, გაზიარებულ იქნა და არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ იქნა გაზიარებული. ეს არის მოცემულობა და საბოლოო ჯამში, გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, გვაქვს ეს მოცემულობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.