საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს და ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ განხორციელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რომელიც განთავსებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N12 დაწესებულებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, პატიმრის უფლებებისა და მათი განხორციელების მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თაობაზე:
1) რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში?
2) რა მდგომარეობაა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებების განხორციელების კუთხით, კერძოდ:
ა) როგორია პატიმრის საცხოვრებელი პირობები და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
ბ) სარგებლოს თუ არა პატიმარი მიმოწერის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
გ) სარგებლობს თუ არა პატიმარი პაემნის (ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი, საოჯახო პაემანი) უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
დ) სარგებლოს თუ არა პატიმარი იურიდიული დახმარების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა რაიმე შეფერხება ამ მიმართულებით, ასევე პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
ე) სარგებლოს თუ არა პატიმარი სატელეფონო საუბრის, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
ვ) აქვს თუ არა წვდომა პატიმარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
ზ) რა მდგომარეობაა პატიმრის პირადი ჰიგიენის კუთხით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
თ) რამდენად არის უზრუნველყოფილი სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით, პატიმრისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გასაწევად? დაფიქსირდა თუ არა პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
ი) სარგებლობს თუ არა პატიმარი პატიმრობის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
კ) იმყოფება თუ არა პატიმარი არათანაბარ მდგომარეობაში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა პატიმრებთან შედარებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გვაცნობოთ ასეთი არათანაბარი მოპყრობის მიზეზები. 3) დაფიქსირდა თუ არა აღნიშნული პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი სხვა რომელიმე უფლების დარღვევის მიმართულებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საჩივრისა და შესაბამისი ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა საჩივარზე რეაგირების მიზნით.
4) მე-2 პუნქტის ა-კ პუნქტებში, ასევე მე-3 პუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის არსებობის შემთხვევაში, რამდენ შემთხვევაში დადასტურდა საჩივრის საფუძვლიანობა და რა სახის ზომები იქნა მიღებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად? 5) გამოყენებული იქნა თუ არა პატიმრის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე შემზღუდველი ღონისძიება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ შეზღუდვის არსი და მისი გამოყენების საფუძველი.
6) როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად (შიმშილობიდან გამომდინარე)?
7) რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდირებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას.
8) რამდენად არსებობს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა?
9) რამდენად შესწავლილია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულებების რისკები (შიმშილობიდან გამომდინარე)?
10) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ასევე 6-9 პუნქტებში მითითებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებისას, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი არგუმენტაციისას გამოყენებული მასალებიც, რათა გვქონდეს საკითხის შეფასებისთვის აუცილებელი მასალების ანალიზის შესაძლებლობა.
11) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების გამო პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, რომლის ფუნქციაც არის სამკურნალო მომსახურებით პატიმართა უზრუნველყოფა, რამდენად არის უზრუნველყოფილი ადექვატური და სათანადო, ჯეროვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება, ასევე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარანტიები პატიმრის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დაცვისათვის“, – აღნიშნულია მიხეილ სარჯველაძის მიმართვაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.