მიხეილ სარჯველაძე - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ახალი შენობა თენგიზ ცერცვაძის მდიდარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მის გარეშე ბევრი რამ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ახალი შენობა თენგიზ ცერცვაძის მდიდარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მის გარეშე ბევრი რამ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს კლინიკა ამაყად ატარებს თენგიზ ცერცვაძის სახელს.
„დღევანდელ დღეს ახლავს სევდაც. არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ბევრი რამ, დღევანდელი წარმატების ჩათვლით, თენგიზ ცერცვაძის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ეს შენობაც მისი მდიდარი მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ ღვაწლის დაფასებისთვის. მეფიქრება იმაზეც, რა გაუხარდებოდა ბატონ თენგიზს დღეს, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ მიღწეულით ის დღესაც არ დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ აუცილებლად შემოგვთავაზებდა ძალიან ამბიციურ გეგმებს. მისი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ამ დაწესებულებამ შეინარჩუნოს და კიდევ მეტად განამტკიცოს საკუთარი ავტორიტეტიც და გააგრძელოს ბრძოლა თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც ატარებს ამაყად ეს დაწესებულება თენგიზ ცერცვაძის სახელს. ქედს ვიხრი თენგიზ ცერცვაძის ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალი შენობის გახსნა მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მთელი ქვეყანა მათი შრომისა და თავდადების იმედად იყო დარჩენილი.
„მინდა, მივესალმო ჩვენს ძვირფას თანამშრომლებს, კოლექტივს, რომელიც ამ დაწესებულებაში განაგრძობს მუშაობას. მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რომელმაც განაპირობა კიდეც ამ დაწესებულების დიდი პოზიტიური რეპუტაცია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც მთელი ქვეყანა თქვენი შრომისა და თავდადების იმედად იყო დარჩენილი. ამისთვის, მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ქვეყნის იმედები ერთმნიშვნელოვნად გაამართლეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ურყევი და ძალიან დიდი მხარდაჭერის, თანადგომისთვის. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კარგი საწინდარია იმ დაწესებულების შემდგომი წინსვლისთვის, რომლის ახალი შენობის გახსნაზეც ახლა ვიმყოფებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ლუბლიანას ქუჩაზე თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.