მიხეილ სარჯველაძე - ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძის მოსამართლედ არჩევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს აღიარებაც არის
ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძის მოსამართლედ არჩევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს აღიარებაც არის, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ, საქართველოს ადგილის დამკვიდრებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გოჩა ლორთქიფანიძის მსგავსი პროფესიონალი მნიშვნელოვნად წაადგება ჰააგას სასამართლოს.
„უპირველესად ვულოცავ ბატონ გოჩას ამ თანამდებობაზე არჩევას. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩართულობა საერთაშორისო ინსტიტუციების განვითარებაში და ამ თვალსაზრისით მოღვაწეობა ბუნებრივია, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის შედეგადაც მსგავსი პროცესები აქტიურად შეიძლება განვითარდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბატონი გოჩას დონის პროფესიონალით თვითონ სასამართლოც ძალიან გამდიდრდება და ღრმად მწამს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა წარმატებული კარიერისთვის, ბატონი გოჩასთვის, იმ თანამდებობაზე, რასაც ამ სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმებში ყოველთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს ერთგვარი აღიარებაც არის ჩვენი ქვეყნისა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ, საქართველოს ადგილის დამკვიდრებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.