მიხეილ სარჯველაძე - გვექნება შესაძლებლობა, რეკომენდაციების მიხედვით გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აფასებს
უნდა გავიხსენოთ, რას საუბრობდა ოპოზიცია მაშინ, როდესაც თავდაპირველად იქნა კანონპროექტი ინიცირებული, მათ შორის ამბობდნენ განსხვავებებზე უკრაინულთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, და ეს პირდაპირ არის ნათქვამი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ ეს არის პირდაპირი კალკი და ასლი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს შეეხება.
სარჯველაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის განცხადებები მცდარია.
„ამბობდნენ იმასაც, რომ, ზოგადად, საქართველოში სხვა კონტექსტია და არ შეიძლება ამ ცალკე კანონის მიღება და ამით დარეგულირება, ესეც მცდარი აღმოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით. არის რეკომენდაციები გაცემული ცალკეულ რეგულაციებთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ესეც ახსნადია, რატომ არის ეს რეკომენდაციები, რადგან თავდაპირველად, პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი იყო ზუსტი თარგმანი, პრაქტიკულად, უკრაინული მოდელისა. ესეც გავაკეთეთ შეგნებულად, რომ უსაგნო დებატებისთვის ხელი არ შეგვეწყო. შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ რეკომენდაციების მიხედვით გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნება და რომელსაც, მათ შორის, ევროკავშირი და ახლა უკვე ვენეციის კომისია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აფასებენ. ცალკეული რეგულაციების ავკარგიანობაზე რაც იყო გაცემული რეკომენდაციები, გვექნება სერიოზული დისკუსია და, დიდი ალბათობით, პრაქტიკულად ყველა მათგანზე არსებობს რესურსი, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არის კანონპროექტი, რომელიც თავის დროზე მოიწონა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება და კონკრეტულად თქვა, რომ ეს არის კარგი კანონპროექტი და ეს არის მისაღები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, არის გარკვეული კრიტიკული შენიშვნები წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა კორპორატივიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა განცხადებები აქაც საკმაოდ მოზომილია.
„გასაგებია, რომ ოპოზიციას ჩვენ არ ვუყვარვართ და არ მოვწონვართ, მაგრამ დასაბუთება, რომ ეს რეპრესიულ იარაღად იქნება გამოყენებული, მგონი, არ შეიძლება, რადგან ამ ლოგიკით გამოვა, რომ, უბრალოდ, მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ მოვწონვართ, არცერთი კანონპროექტი არ უნდა იყოს არასდროს მიღებული, იმიტომ, რომ ყველა კანონის აღსრულება შეიძლება კარგადაც და ცუდადაც. ამ დრომდე საქართველო წარმატებით, კარგად ახორციელებს კანონების იმპლემენტაციას და მარტო იმიტომ, რომ რომელიმე ოდიოზურ ფიგურას ჩვენს ოპოზიციაში ეს შეიძლება, შავბნელ ფერებში არათუ ელანდებოდეს, არამედ, უბრალოდ, უნდა, რომ ასე აჩვენებდეს მოსახლეობას, ეს არ ქმნის წინაღობას კანონპროექტის მიღებისთვის. ვენეციის კომისიამ იმსჯელა წარდგენილ კანონპროექტზე. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ თვითონ ინიციატივასთან დაკავშირებით არცთუ დიდი წინაღობა არსებობს, არის გარკვეული კრიტიკული შენიშვნები წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა კორპორატივიზმთან დაკავშირებულ საკითხებს და აქაც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოზომილია განცხადებები, თუმცა უნდა გავარკვიოთ, საიდან იბადება წარმოშობა ამ საკითხის, იმიტომ, რომ თვითონ უთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე საქართველოდან, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას უთითებენ, როგორც წყაროს. ვნახოთ, ამაზეც გამოჩნდება კიდევ დასკვნები, არგუმენტები და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. თუმცა, თუ ჩვენი ოპონენტები მსჯელობენ იმაზე, რომ ორმაგი ორი მესამედის პრინციპის დამკვიდრება უნდათ, მე პირად მოსაზრებას გეტყვით ჩემსას: მე, როგორც იურისტს, არ მიმაჩნია სწორად და ლოგიკურად ორმაგი ორი მესამედის დამკვიდრება იუსტიციის საბჭოში, ეს მგონია, რომ მანკიერი პრაქტიკა იქნება, ამის თქმის საფუძველს, მათ შორის, ის გარემოება მაძლევს, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი მექანიზმი არ მოქმედებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა 14 მარტს გამოაქვეყნა.