მიხეილ სარჯველაძე - გლობალური „ომის პარტიის“ მცდელობების მიუხედავად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის, იმედი მაქვს, შეფასება პოზიტიური იქნება
გლობალური „ომის პარტიის“ მცდელობების მიუხედავად, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სარჯველაძე იმედოვნებს, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან შეფასება დადებითი იქნება.
„12 რეკომენდაციიდან ათი რეკომენდაციის მიმართულებით არის პროგრესი, რომელზეც ითქვა, რომ ათიდან სამის შემთხვევაში გასაკეთებელი აბსოლუტურად არაფერია. არის რეკომენდაციები, რომლებზეც მოსაზრებებია, რომ შეიძლება, დამატებით რაიმე გაკეთდეს, თუმცა აღიარებულია, რომ ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია. რასაკვირველია, სერიოზული სასაუბროა დარჩენილი ორ რეკომენდაციაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით. მაგალითად, დეპოლარიზაციის მიმართულებით მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს შესახებ შეფასება ისევ პოზიტიური იქნება. საბედნიეროდ, საქართველოს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, თქვას, რომ, გლობალური „ომის პარტიის“ მცდელობების მიუხედავად, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დამსახურებით ეკუთვნის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.