მიხეილ სარჯველაძე - გირგვლიანის საქმეზე მურმან დუმბაძის განცხადება ადამიანის ხსოვნის უპატივცემულობაა, სააკაშვილი და მერაბიშვილიც ვერ გაბედავენ, რამე თქვან გადაბრუნებულად
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას ამორალობად აფასებს.
საუბარია განცხადებაზე, სადაც დუმბაძე ამბობს: „მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს“.
სარჯველაძის თქმით, ადამიანის ხსოვნის უპატივცემულობა არავის ეპატიება.
„ეს განცხადება ამორალობა, დეგრადირება და უპატივცემულობაა იმ ადამიანის ხსოვნის, ვისთან დაკავშირებითაც თავად სააკაშვილი და მერაბიშვილი ვერ გაბედავენ, რაიმე თქვან გადაბრუნებულად. ეს კაცი როგორ კადრულობს ამას? ეს მიუტევებელი შეცდომაა, რაც არათუ პოლიტიკოსს, არამედ არავის ეპატიება. შეიძლება, წამოცდა და შეიძლება, რაღაც გააკეთა, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლო განსხვავებულად თვლის. ასეთ საკითხებში ჩანს, ვინ რა საქმის სამსახურში დგას. ეს განცხადება ავტორს ამხელს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.