მიხეილ სარჯველაძე - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩემი მხრიდან არასათანადო ქცევა იყო ონკოპაციენტების მიმართ, სკანდალური ინფორმაციები ხელს ვერ შეგვიშლის პაციენტების ინტერესებისთვის მუშაობაში
ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტი და პაციენტის შეხედულება, მათი მდგომარეობა. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ პაციენტი. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, სამინისტრო პაციენტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ინტენსიურად მუშაობს.
„გუშინ და დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გარკვეული არასათანადო ქცევა იყო ჩემი მხრიდან ონკოპაციენტების მიმართ. ისევ ონკოპაციენტების და, ზოგადად, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საყურადღებოდ, მინდა, ამასთან დაკავშირებით მცირე განცხადება გავაკეთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტი და, ზოგადად, პაციენტის შეხედულება, მათი მდგომარეობა. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. ასევე, მინდა, ყველამ იცოდეს, ვინც მიცნობს, ალბათ ისედაც კარგად იცის, რომ პაციენტებთან კომუნიკაციის, მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია. ვმუშაობ, რათა არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის საჭირო არ არის ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს გახლავთ სამინისტროს მოვალეობა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ, კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა. რა თქმა უნდა, ყველა თავად გადაწყვეტს, რა გზით რას მოითხოვს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, თუნდაც შესაფასებელი, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციების ჩატარების საჭიროება ობიექტურად არ იარსებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებთან შეხვედრაზე მათი შეხედულებები მოისმინა და სამინისტრომ კონკრეტული საკითხების მოწესრიგება დაიწყო.
„დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პაციენტებიც, ასევე არაპაციენტები. თითოეული პაციენტის სატკივარი, მათი შეხედულება მოვისმინეთ და სამინისტრომ დაიწყო ინტენსიური მუშაობა, კონკრეტული საკითხების მოწესრიგება. საკითხების დიდი ნაწილი მოწესრიგებულია. გაგრძელდება მუშაობა და ვერცერთ შემთხვევაში სკანდალური ინფორმაციები, დამოკიდებულებები ვერც პირადად მე და ვერც სამინისტროს ხელს ვერ შეგვიშლის, განვაგრძოთ ინტენსიური მუშაობა თითოეული პაციენტის ინტერესის დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.