მიხეილ სარჯველაძე - გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ, ოპოზიცია საზოგადოების მხარდაჭერას არ იმსახურებს
გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძის გუშინდელ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა, სადაც მდინარაძემ აღნიშნა: „სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“.
სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიცია არ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას.
„ბოლო ხანებში, სამწუხაროდ, ცუდ რეალობას აქვს ადგილი, როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის შეფასებას. ფაქტია, ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ეჯიბრებიან იმაში, როგორი იქნება მათი გეგმები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ოპოზიცია დღეს ჩამოყალიბდა ღირსების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მოწინააღმდეგედ. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ოპოზიცია არ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას. ამ ყველაფრის ფონზე, ყველა აქტორი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ამ თამაშში არის ჩართული ოპოზიციის მხარეს, უნდა აცნობიერებდეს იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია იგივე გახარიაზე, „ლელოზე“ და ასე შემდეგ, ისინი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.