მიხეილ სარჯველაძე - „ფრიდომ ჰაუსი“ თავის რეიტინგებში, საქართველოს გვერდით განიხილავს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს, რაც შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის
მიხეილ სარჯველაძე - „ფრიდომ ჰაუსი“ თავის რეიტინგებში, საქართველოს გვერდით განიხილავს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს, რაც შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის

„ფრიდომ ჰაუსი“ თავის რეიტინგებში ნაწილობრივ თავისუფალი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს, რაც შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფაქტზე აუცილებელია რეაგირება.

„ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია. მაგალითად, ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, ურუგვაი უფრო თავისუფალი დემოკრატიაა, ვიდრე ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია და გერმანია. ტუვალუ უსწრებს ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს. ვანუატუში, როგორც ირკვევა, უკეთესი დემოკრატია სუფევს, ვიდრე პოლონეთში, ბულგარეთში, ისრაელში ან უნგრეთში. ანგარიშში ერთი მნიშნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია. „ფრიდომ ჰაუსი“ თავის რეიტინგებში ნაწილობრივ თავისუფალი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს უნგრეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს. ამ მართლაც რომ დესპოტურ რეჟიმს, რომელსაც მოკლული ჰყავს ათასობით უდანაშაულო მოქალაქე და გაძევებული ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე მშობლიური მიწა-წყლიდან, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არავისთვის ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რაც რეალურად, უნდა წარმოადგენდეს „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშებისთვის ძირითად სამიზნეს. წარმოჩენილი მონაცემებით „ფრიდომ ჰაუსი“ პრაქტიკულად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე და ოფიციალურად აცხადებს, რომ თურმე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ უფრო უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები, ვიდრე ნატო-ს წევრ თურქეთში და მაგალითად, ყაზახეთში. აფხაზეთი ამ ქვეყნების რეიტინგში რამდენიმე ათეული საფეხურითაც კი უსწრებს. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა და ამაზე რეაგირება ყველა შემთხვევაში აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.