მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტის გარკვეული ჯგუფი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი პოლიტიკური ამოცანები გადაუჭრას
მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტის გარკვეული ჯგუფი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი პოლიტიკური ამოცანები გადაუჭრას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპარლამენტის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი პოლიტიკური ამოცანები გადაუჭრას.

სარჯველაძის თქმით, საზოგადოებამ იცის, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რაც ხდება – ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ სააკაშვილის მხრიდან თანხმობა სჭირდება. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ფაქტობრივ შეცდომაზეა დაფუძნებული.

„საქართველოში ადამიანები როცა ხედავენ, რომ ევროპარლამენტში მზადდება რეზოლუცია, რომელიც ეყრდნობა იმ გარემოებას, თითქოს სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და ამ დროს კადრებში მის გადაადგილებას ხედავენ, ეს აჩენს გარკვეულ წინააღმდეგობებს, რადგან შეიძლება, ეს იყოს რისკის შემცველი ფულსტრაციის თვალსაზრისით და გარკვეული იდეების გადაფასების მიზეზი, რაც ცუდი მოვლენა და საქართველოსთვის სახიფათოა. საზოგადოებამ იცის, სააკაშვილის შემთხვევაში რაც ხდება და დრამატული სცენა არ არის. ჯანმრთელობის რა პრობლემაც არსებობს, მისი მოწესრიგების გზები ხელისუფლებას შეთავაზებული აქვს და ამას სჭირდება მხოლოდ სააკაშვილის მხრიდან თანხმობა.

როცა ასეთ პირობებში, სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ რეალობაზე დაფუძნებით, რაღაც შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები იხაზება რეზოლუციებში, ეს გარკვეულ უკმაყოფილებას ბადებს, გარდა იმ საზოგადოებისა, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ანტიპატია ხელისუფლების მიმართ. მისთვის ეს შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამით კეთილშობილდება ის რეზოლუცია, რომელიც ფაქტობრივ შეცდომაზეა დაფუძნებული. ევროპარლამენტის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი პოლიტიკური ამოცანები გადაუჭრას. ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან ასეთი მანკიერებებისგან არც ევროკავშირი და არც მისი სტრუქტურები არ არიან თავისუფალი. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც კორუფციის ის შემთხვევები, რომლებსაც იძიებენ იქაური სამართალდამცავი ორგანოები. ასეთმა მანკიერებამ გარკვეულ ეტაპზე რაღაც მასშტაბი მიიღო, მაგრამ მწამს, ეს მუდმივი ვერ იქნება და ყველა ვერ მოტყუვდება. შეცდომების შეგნებულად დაშვება აშკარად ჩანს. შეიძლება, დრამატული სცენების გავლენით იქაური საზოგადოება მსხვერპლი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც ჩანს, გარკვეულ ევროპარლამენტარებს არაკეთილსინდისიერება აქვთ და ამის ტირაჟირებას აღწევენ. ამის ნათელი დაადასტურებაა ის, რომ აქცენტი კეთდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პოლიტიკური მიკერძოება იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის მთავარ მოწინააღმდეგედ ბიძინა ივანიშვილი აღიქმება. ეს პოლიტიკური მიკერძოების დასტურია. როცა სანქციებზე საუბრობენ, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ სანქცია წესდება სამართალდარღვევაზე და თუ სამართალდარღვევა არ არსებობს, სანქციებზე საუბარი არ არის. სხვა მეტი მიზეზი არ არის და ერთადერთი რჩება პოლიტიკური ანტიპათია, რაც შეიძლება ჰქონდეთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია გამოაქვეყნა.