მიხეილ სარჯველაძე - ევროკომისიის შეფასებაში უარყოფილი ვერ იქნება ის გარემოება, რომ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს
ევროკომისიის შეფასება ალბათ მანამდე გაკეთებული შეფასებებისგან თვისობრივად განსხვავებული ვერ იქნება, რადგან უარყოფილი ვერ იქნება ის გარემოება, რომ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პროფესიონალური შეფასება პოზიტიური იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, წესით, დადებითი მოლოდინი უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეც.
„დღეს ევროპა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებას განსხვავებულად უყურებს. ამაში ის იგულისხმება, რომ საკითხს ახლებურად ხედავენ და ამ შემთხვევაში მხედველობაში მხოლოდ გეოგრაფია, შეიძლება, არ მიიღებოდეს ან განსხვავებულად ხედავდნენ, მათ შორის, გეოგრაფიასაც, რადგან აშკარად ხედავენ შარშან მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას. ეს სასარგებლო არცერთი მხარისთვის არ ყოფილა. ხედავენ იმასაც, რომ ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის გაფართოება“, – აღნიშნავს სარჯველაძე.
დეპუტატი საუბრობს ოპონენტებზეც, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
„ოპოზიციის დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, ყველა არა, დიდი ხანია, მხილებულია იმგვარ მიდგომებში, როცა მათთვის ქვეყნის ნებისმიერი წარმატება-წარუმატებლობის საკითხი ფასდება იმის მიხედვით, მათთვის ეს პოლიტიკურად ხელსაყრელი იქნება თუ არა. ამიტომ, სამწუხაროდ, ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი წარმატება აღიქმება, როგორც მათი პირადი წარუმატებლობა. მათი მიზანია, ოღონდ ხელისუფლება დაზარალდეს და თუნდაც ქვეყანა დაზიანდეს. სამწუხაროდ, ეს ცუდად გამოიყურება, მაგრამ არსებული რეალობაა“, – დასძენს სარჯველაძე.