მიხეილ სარჯველაძე - ეს დიდი ტრაგედიაა, რომელსაც უბრალოდ ახსნა და გამართლება არ აქვს
ეს დიდი ტრაგედიაა, უზარმაზარი ტრაგედიაა, რომელსაც უბრალოდ ახსნა და გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ღრმა მწუხარება და სამძიმარი, რა თქმა უნდა, განსვენებულის ოჯახს, ეს დიდი ტრაგედიაა, უზარმაზარი ტრაგედიაა, რომელსაც უბრალოდ ახსნა და გამართლება არ აქვს. ეს არის საშინელება.
რაც შეეხება რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და ცალკეულ პოლიტიკური ჯგუფებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტრაგედიით შექმნან ემოციური ფონი ისეთი, როდესაც ჭეშმარიტება საინტერესო აღარ არის. აღარც ექსპერტიზას ელოდებიან, აღარაფერს და შესაბამისად, პირდაპირ ბრალდებებს აყენებენ და ადამიანებს ამით ატყუებენ. ეს ასევე ამორალურია და დიდი სისაძაგლეა, რა თქმა უნდა, ასეთ მცდელობებს ვადევნებთ თვალს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად, მთელი ეს ღრუბელი გაიფანტება, რადგან რეალურად ამას არავითარი კავშირი სიმართლესთან არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.