მიხეილ სარჯველაძე - ერთხმადაა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურას თანხმობა ექნება
მიხეილ სარჯველაძე - ერთხმადაა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურას თანხმობა ექნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უმრავლესობაში ერთხმადაა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურატურას თანხმობა ექნება.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, სარჯველაძის შეფასებით, ოპონენტები ეცდებიან, მელიას საქმესთან დაკავშირებული გარემოებები გამოიყენონ, თუმცა „ეს მათ შორს მიმავალ გეგმებს ვერ დაალაგებინებს“.

„ერთხმადაა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პროკურატურას თანხმობა ექნება. ეს ბუნებრივიცაა და მისალოდნელიც. ვფიქრობ, ფუჭია მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით. საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ, უსაფუძვლო და არასწორია. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება-არგამოყენებასთან დაკავშირებით, თავად ნიკანორ მელია იყო.

აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყული. სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ მელი პატიმრობაში მოხვდეს, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. არ ვიცი, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, ეს ფაქტი გამოიყენოს გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ, არა მგონია, კარგ საბაბად გამოდგეს. ვფიქრობ, ისინი ეცდებიან, გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა ეს მათ შორს მიმავალ გეგმებს  ვერ დაალაგებინებს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.