მიხეილ სარჯველაძე - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი, რომელიც უსაფუძვლოა და არავითარ მიზანს არ ემსახურება
დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკში შექმნილია ჩიხი, რადგან საკმარისი რეგულირება და ახსნა არ არის, როგორ უნდა იქცეოდნენ ცალკეული თანამდებობის პირობებში კონკრეტული თანამდებობის პირები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება.
„ჩვენი მიზანია, ცხადად და მკაფიოდ იყოს რეგულაცია იმის თაობაზე, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ვინ ასრულებს მის მოვალეობას. დღეს წერია, რომ ეს არის ვიცე-პრეზიდენტი და ასეთია სამი. ამის ნაცვლად შემოთავაზებული იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, როგორც ყველა დაწესებულების შემთხვევაშია. ამიტომ ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი, რომელიც უსაფუძვლოა და არავითარ მიზანს არ ემსახურება. მთავარი ამოცანა, ამ ცვლილებების მიზანი დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირებაა, რათა არანაირი ეჭვი არ არსებობდეს მმართველობის ეფექტიანობაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.