მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდება. მათივე ცნობით, ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
„უწყების ხელმძღვანელმა ანაჰიტ ავანესიანს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე. მინისტრებმა კიდევ უფრო მჭიდროდ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს, კაილა ლაზერსონს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.