მიხეილ სარჯველაძე - დღითი დღე უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს, საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას ​
მიხეილ სარჯველაძე - დღითი დღე უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს, საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას ​

დღითი დღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს, ვინაიდან აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებულმა დებულებამ, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ყოველგვარი რესურსი ამოწურა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. როგორც სარჯველაძე ამბობს, აქციები ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავების კუთხით მხოლოდ ხელის შემშლელ როლს ასრულებს. 

„საზოგადოებამ აშკარად დაინახა, რომ რეალურად, ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ადამიანები, რომლებიც განწყობილი არიან დაუოკებელი წყურვილით, ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით, თამაშის თამაშით. საზოგადოებაც ხედავს, რომ იმ ფონზე, როდესაც კონსტრუქციულია ხელისუფლების განწყობა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად, მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლის სახეს იღებს ეს აქციები და ასეთი ტიპის აქტივობები. ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, რეალურად, ეს მუხტი და განწყობა არ არსებობს. საზოგადოების არც ერთ წევრს არ უნდა, თავისი გულწრფელი დამოკიდებულება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს და იმის სამსახურში ჩააყენოს, რომელიც არცთუ მაინცდამაინც კეთილსინდისიერად გამოიყურება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, არავინ უნდა მისცეს თავს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს და ხელისუფლებაში მოსვლის გზა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ეძებოს.

„რაც შეეხება ცალკეულ განცხადებებს, რაც უხვად იყო გუშინდელ აქციაზე, როდესაც ორგანიზატორები ადევნებდნენ თვალს საკუთარი არაკეთილსინდისიერი მიდგომების მარცხს, ასეთ ფონზე დაიწყეს საუბარი გარკვეული დესტრუქციული გეგმების განხორცილებაზე. არავინ მისცეს თავს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს და შეეცადოს, რომ არაკანონიერი, არაკეთილსინდისიერი გზებით ეძებოს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, არასწორი იყო. მისივე თქმით, ამ მოთხოვნამ თავი ამოწურა და აქტუალური აღარ არის.

„დროებითი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა რაც იყო და ულტიმატუმი, რასაც უკავშირდებოდა, მას არც ლოგიკური, არც დამაჯერებელი და არც მიზანშეწონილობის თვალსაზრისით რაიმე არგუმენტაცია არ ჰქონდა. ეს სწორი მოთხოვნა არ იყო, რამაც თავისი თავი ამოწურა და აქტუალური აღარ არის. არც მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას აქვს კონკრეტული საფუძველი. მთავრობა და ხელისუფლება, ზოგადად, სახელმწიფო, დღეს ისე, როგორც არასდროს, განწყობილი და მოტივირებულია, აქვს სათანადო რესურსი, რეალურად უზრუნველყოფილი იყოს ყველა რეფორმის განხორციელება და სწრაფი ტემპით სვლა იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ევროინტეგრაცია.

თავდაპირველად შეეცადნენ, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში კეთილსინდისიერი მუხტის გზით, დიდი ტალღა და ზვირთი შეექმნათ, რომლის ქიმზეც ისინი თვითონ აღმოჩნდებოდნენ და ამის მმართველები გახდებოდნენ. ეს ვერ შეძლეს. ასეთ დროს ალბათ ფიქრია ამ ყველაფრის გეგმა ბ-თი ჩანაცვლებაზე. არ მგონია, ამას რაიმე პერსპექტივით და სერიოზულად უნდა განიხილავდეს ხალხი, რომელიც დესტრუქციულადაა განწყობილი. ეს მათი პრობლემაა, რადგან განხორციელების არავითარი პერსპექტივა არ აქვს დღეს ისეთ სცენარებს, რომელთა პარალელები, მაგალითად, მიდის უკრაინასთან, სერბეთთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა სარჯველაძემ.