მიხეილ სარჯველაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა შეიძლება, გარკვეული პრობლემები თვითონ ოპოზიციას შეუქმნას, ისეთი პირებისთვის, როგორიც კეზერაშვილია, წინაღობები გააჩინოს
მიხეილ სარჯველაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა შეიძლება, გარკვეული პრობლემები თვითონ ოპოზიციას შეუქმნას, ისეთი პირებისთვის, როგორიც კეზერაშვილია, წინაღობები გააჩინოს

მე, როგორც იურისტს, მეჩვენება, რომ ბოლო დასკვნაში, რაც ვენეციის კომისიის მიერ არის წარმოდგენილი, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული და გაზვიადებულია ის ინტერპრეტაციები და რისკები, რომლებიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დანახული, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იგზავნება ვენეციის კომისიაში დოკუმენტები, თუ მათი მოსაზრებები არ გვაინტერესებს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კომისიის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას მაინც რეკომენდაციები ჰქვია.

„შესაბამისად, აქ მთავარია, მოვისმინოთ არგუმენტაცია და შეიძლება, დავუშვათ ასეთი რამ, რომ შესაძლოა, არგუმენტაცია იყოს არასრული ან გარკვეულ შემთხვევაში გადაჭარბებული და გაზვიადებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილება კანონის მიღების შემთხვევაში, როცა არსებობს ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, სარჯველაძემ განაცხადა, შეფასების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არ არის ის, რასაც საქართველოდან ევროკომისია ელოდა, გადაწყვეტილება გადაიხედება.

„ეს ითქვა, გაცხადებულია და, ვფიქრობ, პოზიცია აბსოლუტურად მართებულია. ყოველ შემთხვევაში, ყველას უტოვებს შესაძლებლობას, რომ გარკვეული შეუთანხმებლობის აღმოფხვრის კვალდაკვალ, რომელიც ევროკომისიის პოზიციასა და ვენეციის კომისიას შორის რეალურად არსებობს, ჩვენი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, გვჭირდებოდა თუ არა „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ გაჩნდა ევროკომისიის რეკომენდაციებში ეს რეკომენდაცია.

„თქვენ გახსოვთ ოპოზიციის დაჟინებული მცდელობები და მათ შორის, კარგად გვახსოვს ირაკლი კობახიძის გაფრთხილება, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება მერე უხერხულობებს გამოიწვევს თვითონ ოპოზიციისთვისო. თქვენ გახსოვთ, ეს პარლამენტის ტრიბუნიდან უთხრა ოპონენტებს ირაკლი კობახიძემ და ამას მოჰყვა ცოტა ისეთი დამოკიდებულება, არა, ირაკლი კობახიძე ცდება, ასე არ იქნებაო. ისე აგიხდათ ყველაფერი, მერე აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, რაც უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გაკეთდა, ზუსტად ეს უკრაინული მოდელი, მათი მოწონებული კანონი აღმოჩნდა მათთვისვე არახელსაყრელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა უკვე დღეს მართალი ოპოზიცია, როცა ამბობს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ ოპოზიციაზე ცუდად აისახება და მმართველი პარტია ამ ყველაფერს ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

„ასე არ არის. მგონია, რომ ოპოზიციონერებმა, უბრალოდ, გადაჭარბებული მოლოდინები შექმნეს თავიანთივე თავისთვის, როდესაც, ასე ვთქვათ, დიდი ფსონები გააკეთეს ამ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით. მერე აღმოჩნდა ზუსტად ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აფრთხილებდა, რომ ეს შეიძლება, შემდეგ არცთუ კომფორტული მოსჩვენებოდათ თვითონ ოპოზიციონერებს. იმიტომ, რომ, რასაკვირველია, ეს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელების ინსტრუმენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდებოდა. ახლა რაც შეეხება პირიქით, შეიძლება, რომ გარკვეული პრობლემები თვითონ ოპოზიციას შეუქმნას? სხვათა შორის, კი, შეიძლება. მაგალითად, ისეთი პირებისთვის, როგორიც იგივე კეზერაშვილია, ამან შეიძლება, გარკვეული წინაღობები გააჩინოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.