მიხეილ სარჯველაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრების მხრიდან „ქართული ოცნების“ დატოვების შესაძლებლობას გამორიცხავს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრების მხრიდან „ქართული ოცნების“ დატოვების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, „ქართული ოცნება“ საკრებულოს წევრებმა დატოვონ.
სარჯველაძის თქმით, მაღალია ინტერესი, რომ ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და უპერსპექტივობა პერსპექტიულობად გაასაღონ.
„არავითარი წინაპირობა, რომ საკრებულოში უმრავლესობა დაიშალოს, არ არსებობს. ასევე უპერსპექტივოა თბილისის მერად ნიკა მელიას არჩევის მცდელობებიც. ეს არც ერთ შემთხვევაში ასე არ მოხდება.
თავს ნუ გავირთობთ უპერსპექტივო პროექტებზე მსჯელობით, რადგან ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მთავრობის დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი სრული ფარსია. არ მგონია, რომ რეალისტურად გამოიყურებოდეს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ადამინების დაკომპლექტება, ვინც გუნდის წევრებად დასახელდა”, – განაცხადა სარჯველაძემ.