მიხეილ სარჯველაძე - დარწმუნებული ვარ, „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ვინც დაწერა 34%, ის არ არის კორექტული და მართებული, მეორე მხრივ, მოლოდინი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერა 60%-ზე მაღალიც იქნება
მიხეილ სარჯველაძე - დარწმუნებული ვარ, „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ვინც დაწერა 34%, ის არ არის კორექტული და მართებული, მეორე მხრივ, მოლოდინი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერა 60%-ზე მაღალიც იქნება

დარწმუნებული ვარ, ვინც დაწერა 34 პროცენტი, ის არ არის კორექტული და მართებული. მეორე მხრივ, მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა 60 პროცენტზე მაღალიც იქნება, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი და არასდროს უფიქრია, რომ მშვიდობიანად თუ ნებისმიერი ფორმით ხელისუფლების გადაბარება დამდგარიყო დღის წესრიგში.

„აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, არც დრო მქონია და არც არასდროს გამჩენია სურვილი, მეფიქრა, რომ მშვიდობიანად თუ ნებისმიერი ფორმით ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. არ მიფიქრია ამასთან დაკავშირებით, რადგან ამის მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება საკითხს, მშვიდობიანად თუ რა, მგონია, რომ შეკითხვა ცოტა მანიპულაციურად გამოიყურება, რადგან ეს ხელისუფლება კანონგარეშე პროცესების ინიციატორი არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. რასაკვირველია, ეს არასდროს მოხდება. დღეს გვაქვს ჩვენ შემდგარი, სამართლებრივი სახელმწიფო.

მე ღრმად მწამს, რომ საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამართლებრივი ბაზითა და სამართლებრივი პრაქტიკით საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც არის დღეს. ამაში მარწმუნებს თითოეული ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გამხორციელებაშიც, მაგალითად, მე თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული. ზუსტად ვიცი, როგორი იყო პროგრესი ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. გაეცანით ნებისმიერ შეფასებას, რომელიც გაკეთებულია თავად ევროკავშირის მიერ, გაეცანით მათ, ოღონდ პროფესიონალურ დონეზე, არ ვგულისხმობ პოლიტიკურ დონეს. აღმოაჩენთ, რომ არცერთ სხვა კანდიდატ სახელმწიფოსთან შედარებით, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით არ აქვს ნაკლები გაკეთებული. მერწმუნეთ, საქართველო ყველაზე ახლოა დღეს, ისტორიულ პიკზე იმყოფება ევროკავშირთან სტანდარტების დაახლოების მიმართულებით. სხვა საკითხია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამის აღქმა და დანახვა, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.