მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩენოდა
ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩენოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა იაგო ხვიჩიას და მისი ჯგუფის წინადადების განხილვა, რომ ყოველი შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თუ კონკრეტული წინაპირობები შეიქმნება, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ამის წინაპირობა არ არსებობს.
„ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება და ეს რთული პროცესი იქნება. მე ვფიქრობ, სწორი გზაა ის, რაც ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით 2024 წლიდან არის განსაზღვრული. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ლოგიკურად თანმიმდევრული და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რა იქნება გაისად, ან იმის შემდეგ წელს და ასე შემდეგ. თეორიულად, ეს შესაძლებელია, თუ იქ კონკრეტული წინაპირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ეს შეიძლება, სადისკუსიო გახდეს. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან მე პირადად, არ მგონია, რომ ამის წინაპირობა არსებობდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, შეთავაზება, რომელიც დღეს მმართველმა გუნდმა ოპოზიციისთვის გააკეთა, თავიდან ბოლომდე აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.
„ეს იყო მთელი პროცესის პრაქტიკულად, მთლიანად გაშიშვლება იმ თვალსაზრისით, რომ ყველა პრობლემა გამოჩნდა სააშკარაოზე – ვის რა მიდგომა აქვს, რა მოტივაციით ნაკარნახევი, რა მოტივაციით მიდის თითოეული პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. ყოველთვის იყო ორმხრივი ბრალდებები, რომ ამას არ უნდა, მოლაპარაკებები შედეგით დამთავრდეს, რეალურად, ეს ფასადია და ა.შ, ამ განცხადებამ კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უწოდებს თუ არა ირაკლი კობახიძე ბნელ ძალებს იმ პარტიებს, ვინც პარლამენტში არ შევა, სარჯველაძემ განაცხადა, რომ მათ უფრო დესტრუქციულ ოპოზიციას დაარქმევდა.
„სიტყვა დესტრუქციული მომწონს იმიტომ, რომ დესტრუქცია ამ შემთხვევაში კარგად ასახავს მთლიანად ამ პოლიტიკური ჯგუფების განწყობას და პათოსს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეკითხვაზე, როგორ უნდა გააუქმოს მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობა“ რომელსაც 700 000 ერთგული მხარდამჭერი ჰყავს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პარტიის გაუქმება სხვა შემთხვევაა, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება კი სხვა პროცედურაა.
„მოითხოვება, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ საქმიანობა კანონის ზედმიწევნით დაცვით განახორციელოს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ გვაქვს ნორმა და შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის სწორი, როცა მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მსჯავრდებულ პირს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული და ამ ნორმას აღსრულებადობა არ უნდა ჰქონდეს? აი, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად საუბრობს მასობრივ გაყალბებაზე, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება.
„ამისთვის ყველა ლეგალური გზა შევთავაზეთ ფაქტის დონეზე, რაც საკამათო არ შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს ვერ დაასაბუთეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა არჩევნებზე დარღვევების ნაწილის დაუსაბუთებლობის მიზეზი ისიც, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა იმდენი არ იყო, რამდენიც სხვა არჩევნებზე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, დამკვირვებელთა რაოდენობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ არჩევნების მიმდინარეობაზე ცალსახა დასკვნა გაკეთებულიყო.
„არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენდა დარღვევებს, ან თუნდაც, არგუმენტი, რომელიც დასაბუთების მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასეთი არგუმენტი მე პირადად, არ მომისმენია“, – განაცხადა სარჯველაძემ.