მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია როცა საუბრობს ნაღმებზე და ვერ უთითებს, სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტში რა ნაღმებია, ნიშნავს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, უნაკლო იდეა გააკრიტიკონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია როცა საუბრობს ნაღმებზე და ვერ უთითებს, სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტში რა ნაღმებია, ნიშნავს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, უნაკლო იდეა გააკრიტიკონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სახალხო დამცველის არჩევის წესის გაკრიტიკება.

სარჯველაძის განმარტებით, კანონმდებლობაში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერება და სახალხო დამცველის არჩევის ნორმები უკეთესი იქნება. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ასეთ დროს შეთქმულების თეორიაზე საუბარია მართებული არაა.

„თითოეული წინადადება გაჯერებულია გარანტიით, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი წარიმართოს ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული სუბიექტის მაქსიმალური ჩართულობით და ყველას ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. როცა ოპოზიცია ნაღმებზე საუბრობს და ვერ უთითებს, კანონპროექტში რა ნაღმებია, ეს მიუთითებს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, რაღაცნაირად გააკრიტიკონ იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა. ჩვენ მიერ შეთავაზებულ წესს არაფერი დაეწუნება და არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ვინმეს შეუძლია, ისაუბროს ამ კანონპროექტის ნაკლოვანებაზე.

მაშინ, ოპოზიციამ თქვას, რაც მოქმედია, დავტოვოთ. არ მგონია, ოპოზიციამ ეს პოზიცია გაახმოვანოს, მაგრამ აქა-იქ გავრცელებული მოსაზრება არის მცდარი, რადგან ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის დაცვას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი, ინკლუზიურად არჩეული.

როცა ოპოზიციური პარტიები „სატელიტ პარტიებზე“  განცხადებას აკეთებენ, უფრო მეტი სერიოზულობა მართებთ და არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტული ინტერესით იყოს. მათ არგუმენტები უნდა დაასახელონ. რაც კარგია, შეუძლიათ, თქვან, რომ კარგია. ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს და ამ ფონზე არ ვიცი, კრიტიკის მიზანი რა არის. უფრო სწორად, მიზანი გასაგებია – საკუთარი თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად პროცესი გალანძღონ, თუმცა ობიექტურად, კრიტიკისთვის იოტისოდენა მიზეზიც არ გააჩნიათ. შეთქმულების თეორიას ავითარებენ, რომ ვინმე ისეთ კანდიდატს წარმოადგენს, ვისთან დაკავშირებითაც მმართველ პარტიას შეიძლება, პრეფერენცია ჰქონდეს. არ მგონია, რომ ეს სერიოზულად განსახილველი იყოს იმ ფონზე, როცა ინკლუზიურ პროცესზე ვსაუბრობთ. კანონმდებლობაში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერება და სახალხო დამცველის არჩევის უკეთესი ნორმები იქნება. ასეთ დროს შეთქმულების თეორიაზე საუბარია მართებული არაა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.