მიხეილ სარჯველაძე - გვჭირდება სახალხო დამცველობის დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ოპოზიციის მხარეს მიკერძოებული, ოპოზიციამ თავიდან დაიკავა მცდარი პოზიცია და ამ პოზიციის მძევლები აღმოჩდნენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციამ სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პირობა არ შეასრულა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მძევალი გახდა საკუთარი განცხადების, რომელიც თავიდან ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას არ ცვლიან. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის, არამედ ყველასგან დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა.
„ოპოზიციამ კანდიდატების შერჩევასთან მიმართებაში პირობა არ შეასრულა და დაიწყო ჩვენი განცხადებიდან მისთვის სასურველი ნაწილების ამორჩევა – ვისაც წარმოადგენთ, იმას მხარს დავუჭერთო. ხელისუფლებას მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. ვთქვით, რომ შვიდი კანდიდატი წარმოედგინათ და ამ შემთხვევაში მზად ვიყავით, იქიდან ერთი შეგვერჩია. ოპოზიცია მძევალი გახდა საკუთარი განცხადების, რომელიც თავიდან ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას ფეხს არ უცვლიან.
უნდათ, ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში მოაქციონ, როცა მას არჩევანის შესაძლებლობას არ დაუტოვებენ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის არჩევა, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. კანდიდატი დამოუკიდებელი უნდა იყოს არა ხელისუფლებისგან, არამედ ყველასგან. დამოუკიდებლობა აუცილებელია, რათა დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი გავლენისგან. სახალხო დამცველის არჩევა ექვსი წლით ხდება და ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არ უნდა იცვლებოდეს. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ოპოზიციის მხარეს მიკერძოებული. რაც შეეხება ჩიხურ მდგომარეობაში შესვლას, ოპოზიციამ თავიდან მცდარი პოზიცია დაიკავა და აღმოჩდნენ ამ პოზიციის მძევლები. ახლა გადაწყვეტილების შეცვლა უჭირთ და საღ გადაწყვეტილებას მხარს ვეღარ უჭერენ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.