მიხეილ სარჯველაძე - ჩემთვის გაუგებარია, რა დავაშავეთ ისეთი, რის გამოც შეიძლება, სანქციები გვემუქრებოდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რამაც შეიძლება სანქციები გამოიწვიოს.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, აინტერესებს, მმართველმა გუნდმა რისთვის უნდა მიიღოს სანქციები.
„ჩემთვის ეს გაუგებარია. რა დავაშავეთ ისეთი, რის გამოც შეიძლება, სანქციები გვემუქრებოდეს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპოზიციაში ეს აზრი მუსირებს და არ მესმის, რა შეიძლება იყოს ისეთი ქმედება, რასაც შეიძლება, სანქცია უკავშირდებოდეს. სანქცია მაშინ წესდება, როცა სამართალდარღვევა ხდება ან ადგილი აქვს პოლიტიკურ გადაცდომას, რაც შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს ქვეყანაში დემოკრატიულ მდგომარეობაზე. როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა, ეს არ არის პოლიტიკური შეცდომა. არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება სანქციები გამოიწვიოს, სახეზე არ არის.
ვინმემ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით დამართალდარღვევა ჩაიდინა, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც დოკუმენტს ბევრი თვე ხელი არ მოაწერა და მოსახლეობას და პარტნიორებს ატყუებდა არჩევნების გაყალბებაზე. მათ შეეძლოთ, დროებით საგამოძიებო კომისიაში ერთხელ მაინც მოსულიყვნენ და ერთი მტკიცებულება გამოექვეყნებინათ იმის თაობაზე, რატომ მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ სხვა ამბის ტირაჟირებას ახდენდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ