მიხეილ სარჯველაძე - ჩემთვის ევროპა იმიტომ არის ქვეყნის განვითარების სასურველი მიმართულება, რომ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, არასდროს მოითხოვს, ცალ ფეხზე დადექი და ასკინკილით შემოდი ევროპაშიო
ჩემთვის ევროპა იმიტომ არის ქვეყნის განვითარების სასურველი მიმართულება, რომ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, არასდროს მოითხოვს, ცალ ფეხზე დადექი და ასე ასკინკილით შემოდი ევროპაშიო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ალუზია, თითქოს ხელისუფლების ნაბიჯები ანტიევროპულია, შეიძლება, იცით, რამ გააჩინა? რაღაც ეტაპზე იმისგან საწინააღმდეგოდ, რაც კამათში მონაწილე ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, ევროპამ რომ დაგვავალოს ცალ ფეხზე დადგომა, დიახ, ეს ასე უნდა გავაკეთოთო. ეს არ არის სწორი. იცით, ჩემთვის ევროპა რატომ არის ქვეყნის განვითარების სასურველი მიმართულება? იმიტომ, რომ ევროპა, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ასეთ რამეს არასდროს არ მოითხოვს, არცერთი სუვერენული სახელმწიფოსგან, რომ ცალ ფეხზე დადექი და ასე ასკინკილით შემოდი ევროპაშიო. ამიტომაც შეიძინა სიტყვა „ღირსებამ“ იმ დღეებში აქტუალურობა. ჩვენს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და ამის პატივისცემას, ბუნებრივია, ყოველთვის მოვითხოვთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირადად მას და მის უამრავ თანაგუნდელს საქართველოს ევროპეიზაციისთვის ძალიან ბევრი შრომა აქვს გაწეული და უხერხულია, როდესაც ისინი აკრიტიკებენ, ვისაც ამ მიმართულებით თითი თითზე არ დაუკარებიათ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ დასავლეთიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით მიღებას მაშინ, როდესაც მსგავს ინიციატივას ევროკავშირიც განიხილავს და რას ნიშნავს „ჩვენთვის კარგია, მაგრამ თქვენთვის არ ვარგა“ დამოკიდებულება, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ, რასაკვირველია, ეს არ არის სასურველი რეალობა და ვინც ასე ლაპარაკობს, ამას ალაპარაკებს საქართველოში რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის გულშემატკივრობა, რადგან ამას სხვა ახსნა არ შეიძლება, ჰქონდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიისთვის შავი დღის გათენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
„მიუხედავად ემოციური თუ ერთმნიშვნელოვნად გადაჭარბებული განცხადებისა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. იყო ეს ცუდი მოვლენა დემოკრატიისთვის, ოღონდ იმას, რომ ამაში დამნაშავეა და ბრალი მიუძღვის ხელისუფლებასო, ვერ დავეთანხმები. ვერ დავეთანხმები, რადგან იმ დღეს თუ დემოკრატიისთვის საფრთხილო რამე მოხდა, ეს იყო, მათ შორის, ის, რაც ვიხილეთ ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან. პირველი მიზეზი იყო, რომ მათ დისკუსიაში შესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ კრიტიკული პოზიცია, რაც დემოკრატიისთვის საზოგადოდ მიუღებელია და მეორე, ადამიანებმა თავს უფლება მისცეს, გამოეხატათ პროტესტი ისე, როგორც ცდილობდნენ, გამოეხატათ. მათ შორის, იქ ვნახეთ, მაგალითად, ვაშაძის მცდელობები, რომ ავანტიურული ნაბიჯები გადაედგა და ბევრი ადამიანი იყო ამ იდეით შეპყრობილი, თუმცა, საბედნიეროდ, მათ ამის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან კურსიდან გადახვევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.
„მაგალითად, ერთ-ერთი ევროპარლამენტარი მომდევნო დღეს, როდესაც დებატებზე გამოდიოდა, ამბობდა, მაიდნის სუნი მეცაო, მეორე კი ხელისუფლებას თითის ქნევით გვახსენებდა, 78-ე მუხლს შეიცავს თქვენი კონსტიტუციაო. ის არავის გაახსენდა, ეთქვა, რაც ალბათ საჭირო იყო, რომ ეს 78-ე მუხლი სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში და ხელისუფლებისავე ინიციატივით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად განიხილავს „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, რათა მიმდინარე მოვლენების პირობებში მოხდეს პოლიტიკური ძალების ლეგიტიმაციის გაზომვა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი არჩევნებიდან არჩევნებამდე დგება და როცა რომელიმე პოლიტიკოსს ამის ხელახლა გაზომვა მოუნდება, არ შეიძლება, ყოველთვის იწყებოდეს საუბარი ვადამდელ არჩევნებზე.
„სირთულეები ყველა ხელისუფლებას შეიძლება, ჰქონდეს რაღაც ეტაპზე, მაგრამ ალბათ ესეც პოლიტიკური კულტურის ნაწილია და, შესაბამისად, ამას ანგარიში უნდა გაუწიონ პოლიტიკოსებმა, როცა ასეთ მოთხოვნებს აყენებენ. ვინც ახლა საზოგადოებას ესაუბრება ასეთ მოთხოვნებზე, იმან უნდა გაითვალისწინოს, რომ მორალურად მაინც ვალდებულია, საზოგადოებას იმავდროულად უთხრას, რომ, მაგალითად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, 2024 წლამდე იქნება ახალი პარლამენტი არჩეული. არ მახსენდება, რომ ამაზე უფრო ხშირად კეთდებოდეს აქცენტი. არ ვიცი, ვინმეს თუ უღირს თუნდაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება, ერთწლიანი არჩევნების. ეს რამდენად ლოგიკურად ეჩვენება ვინმეს, ჩემთვის მაინცდამაინც გასაგები არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.