მიხეილ სარჯველაძე - ცდილობენ, სააკაშვილს დამსახურებული სასჯელი ააცილონ, მიმართავენ პიარკამპანიას, მათ შორის ქირაობენ ორგანიზაციებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილს დამსახურებული სასჯელი თავიდან ააცილონ და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ყველაფერს, სამართლებრივი მექანიზმების გარდა.
„პირველივე დღიდან, რაც სააკაშვილი აღმოჩნდა საპატიმრო დაწესებულებაში, მათი მიზანია არა დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, არამედ პირველივე დღიდან ემზადებიან, რომ სააკაშვილს ააცილონ დამსახურებული სასჯელი. ეს მათი პოლიტიკური ამოცანაა. ამ მიზნის მისაღწევად ისინი იყენებენ ყველაფერს, სამართლებრივი მექანიზმების გარდა. ისინი იყენებენ, მათ შორის, ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების ფაქტორს. ამით ცდილობენ, სააკაშვილს სასჯელი ააცილონ. ზოგიერთი ამას ღიად ამბობს. პიარკამპანიას მიმართავენ, მათ შორის ქირაობენ ორგანიზაციებს, რომლებიც, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მზად არიან, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაბუქებული ინფორმაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განმარტებით, სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისზე მიუწვდება ხელი.
„დღეს სახელმწიფო საკმარის, აბსოლუტურ ყურადღებას იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სააკაშვილს ხელი მიუწვდება უკლებლივ ყველა სამედიცინო სერვისზე. ასეთ ფონზე, საფუძველს მოკლებულია ყოველგვარი ინსინუაცია, კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა. უცხოეთში გადაყვანაზე ლოგიკურად საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ისეთი დიაგნოზი ან ისეთი მკურნალობის საჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.