მიხეილ სარჯველაძე - ბოლო წლების პრაქტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ტენდენცია რაიმე უარყოფითისკენ მიდის
მიხეილ სარჯველაძე - ბოლო წლების პრაქტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ტენდენცია რაიმე უარყოფითისკენ მიდის

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბოლო წლების პრაქტიკა საფუძველს არ აძლევს, თქვას, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ტენდენცია რაიმე უარყოფითისკენ მიდის.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მნიშვნელოვანია, ინციდენტებზე სწორი რეაგირება.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება ისეთი არ არის, რაც საქართველოს საზოგადოებას ეკადრება, რადგან ყველას მოვალეობაა, ერთმანეთის უფლებებსა და თავისუფლებებს პატივი სცენ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმსარებლობის თავისუფლება. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რასაც ეფუძნება თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ყველა ნაბიჯი მიმართულია მშვიდობის დამკვიდრებისკენ. ვისურვებდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი ინციდენტები არ არსებობდეს, დაცლილი იყოს ნებისმიერი შეუწყნარებლობისა და ძალადობისგან. ალბათ, მთავარი მოწოდება არის ის, რომ დღეს, როცა ქართული დროშის დღეა, ამ დროშის ქვეშ ყველა აღმსარებლობისა და განსხვავებული შეხედულების ადამიანი ერთიანდებოდეს და ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესებს“, – აცხადებს სარჯველაძე.

დეპუტატი არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პანდემიის დროს ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციულ პოლიტიკას რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისთან დაკავშირებით.

„ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება წარმოადგენდა საეჭვოს და დისკრიმინაციულს, ასეთი განცდა არ მაქვს. ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა საუბარი ადამიანის უფლებებს და მით უმეტეს – აღმსარებლობას, რელიგიის თავისუფლებას ეხება. არ მგონია, რომ მართლმადიდებლობის დომინანტური მდგომარეობა განაპირობებდეს რაიმე დისკრიმინაციას სხვა აღმსარებლობებთან მიმართებაში. ეს ყოველთვის ჩვენი დაკვირვების საგანი უნდა იყოს და ნებისმიერი გადაცდომა დაუშვებელი იქნებოდა. საფუძველი არ მაქვს, ვთქვა, რომ ამ მიმართულებით რაიმე დარღვევას ადგილი აქვს. რაც შეეხება ანტისემიტიზმს, ეს ცალსახად გამოსარიცხი და დასაგმობია მისი გამოვლენის ნებისმიერი ფორმა. არ მგონია, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა აქტუალური იყოს, რასაც ანტისემიტიზმი ჰქვია. ქართული გამოცდილება ერთ-ერთი სანიმუშოა, რაც ისტორიულად გვაქვს და არ მგონია, ამ მიმართულებით რაიმე შეშფოთების მიზეზი არსებობდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.