მიხეილ სარჯველაძე - ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არჩევნების პროცესზე დაკვირვება სანდოობის ხარისხის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორის არის ეუთო/ოდირი, სრულფასოვნად აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს.
მისივე თქმით, სანდოობის ხარისხისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„არჩევნების მართლზომიერად ჩატარებასთან დაკავშირებით რაც არ უნდა ავტორიტეტული დაწესებულების და ორგანიზაციისგან გაიცეს შეფასებები, სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერც ერთ შემთხვევაში თავის როტორიკას ვერ გააჩერებს, ისევე, როგორც შარშან მოხდა. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციები სრულფასოვნად აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს. სანდოობის ხარისხისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, მათ ჩართულობას მივესალმებით, რაც იქნება დადებითი ფაქტორი არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებისთვის, რაც მთავარია, შედეგების აღიარებისთვის.
ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციას დასჩემდა დაუსაბუთებლად გარკვეულ მოვლენებზე საუბარი, შეფასებების გაკეთება და არაპრინციპულობა, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება განწყობები, დამოკიდებულებები, შეფასებები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების შედეგების თაობაზე, ვარაუდის საფუძველი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას 3 ოქტომბერს მაინც შესთავაზებენ მოდელირებულ რეალობას, მცდარ დებულებებს არჩევნების ვითომდა გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არ გვაძლევს მოდუნებისთვის საფუძველს, რათა არჩევნები სრულფასოვნად ჩატარდეს. ყველას უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა და მართლზომიერად უფლებების განხორციელების საშუალება. არჩევნების შემდეგ რა იქნება, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.